20 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
"მთავრობა ცხოვრობს თავის ოცნებებში, ხალხი ცხოვრობს მძიმე რეალობაში"- ოპოზიცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დღეს ნდობა უნდა გამოუცხადოს.

საპარლამენტო ოპოზიცია წინასწარ აანონსებს, რომ  მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებს, მით უმეტეს გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, როცა პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას აგინა.  საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ  სესიაზე დასწრებას  მაინც გეგმავს.

„მხარდაჭერა ცხადია ვერ მოხდება, მით უმეტეს გუშინდელი წარმოდგენის გათვალისწინებით. პირველ რიგში იმიტომ, რომ  იმ უმძიმეს გამოწვევებს რომლის წინაშეც ქვეყანა დგას არამც თუ მთავრობა ვერ პასუხობს, იმიტომ რომ უნიათოა ან არ შეუძლია, არამედ იმიტომ რომ თვითონ არის შემოქმედი ამ პრობლემების,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კალანდაძემ.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის მხარდაჭერას არც „ევროპული საქართველო“ გეგმავს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით იმ საერთო გაჭირვების ფონზე რაც არის ქვეყანაში, მთავრობა არ ფიქრობს სიღარიბეზე.

„არ ლაპარაკობს ფასების ზრდას როგორ შეაჩერებს, არ ლაპარაკობს იმაზე რა ნაბიჯები გადაიდგმება უმუშევრობის დასაძლევად. არა და ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისათვის. მთავრობა ცხოვრობს თავის ოცნებებში, ხალხი ცხოვრობს მძიმე რეალობაში,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მმართველ გუნდში კი მოლოდინი აქვთ, რომ მთავრობა იმ პრობლემების დაძლევას შეძლებს რომლის წინაშეც ახლა დგას. 

დღის ამბები