20 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
"დიალოგით ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მივიღოთ კონსესუსი,“- კვირიკაშვილი ოკუპაციაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოაცხადა. განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პრემიერის თქმით, აუცილებელია გაიზარდოს საზოგადოების ის წრე, რომელთანაც შესაძლებელი იქნება ცივილური დიალოგი. კვირიკაშვილის განცხადებით, აუცილებელია მოქალაქეთა მეტი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში.

„2018 წელი მინდა გამოვაცხადო საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად და მე  ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ  გავაფართოვოთ ის წრე ჩვენი  საზოგადოების წარმომადგენლების, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენაც, გათვალისწინება ძალიან ბევრი წინადადების  და მეტი ჩართულობა იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი თავი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, ქვეყნის განვითარების პროცესის მონაწილედ,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციის პრობლემაზეც ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოგვარდეს.

„ოკუპაცია, ეს უდიდესი პრობლემაა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ დღეს გვაქვს გადაუწყვეტელი. უდიდესი ჭრილობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ის ჩაკეტილი საბედისწერო წრე რომელზეც ჩვენ დავდივართ, მოვაგვაროთ და არ დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს და გადავდგათ ნაბიჯები, რომ აღვადგინოთ დაკარგული ნდობა. ეს არ არის მარტივი, ეს შეიცავს რა თქმა  უნდა ძალიან რთულ ნაბიჯებს, ხშირად ეს ნაბიჯები შეიძლება არ იყოს პოპულარული, ყველას მიერ მოწონებული, მაგრამ დიალოგით ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მივიღოთ კონსესუსი,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს. დაახლოებით საათნახევარია პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს მთავრობის გეგმებს აცნობს. ამ წუთებში შეხვედრა უკვე კითხვა პასუხის რეჟიმში გრძელდება.

დღის ამბები