„ჩემი ნაცხოვრები წლები მაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიხედო-გამოვიხედო და გითხრათ, რომ თქვენ ხართ მართლაც კარგი პრემიერ-მინისტრი,“- ამ განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ მიმართა. ქანთარიამ სესიაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
ქანთარია ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილს ბევრი მტერი გამოუჩნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პრემიერს „საქმე სწორად მიჰყავს.“
„ჩემი ნაცხოვრები წლები მაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიხედო-გამოვიხედო და გითხრათ, რომ თქვენ ხართ მართლაც კარგი პრემიერ-მინისტრი და ნიშანდობლივია სწორედ ისიც, რომ როდესაც თქვენ თანამდებობა დაიკავეთ, არც თუ ისე ჩანდა რომ მტრები გყავდათ თქვენ და ახლა ისინი საკმაოდ გამოჩდნენ, ბევრი შხამითაც არის გავსებული და ვხედავთ ამას, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ თქვენ ძალიან სწორედ მიგყავთ საქმე და მათ ეს შხამი დარწმუნებული ვარ თვითონ მოინელებთ,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ნუკრი ქანთარიას განცხადებას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ უპასუხა. ბობოხიძემ პრემიერი გააფრთხილა ერიდოს „ძმაკაცებს და მეგობრებს.“
„ბატონ ნუკრის წავეშველებოდი, რომელიც პრემიერის მტრებზე წუხს ძალიან. მე მეგონა, რომ ბატონი ნუკრი გაიხსენებდა, ხელოვნების წარმომადგენელი კაცია მაინც ერთ ფრაზას - ღმერთო მეგობრებისგან და ძმაკაცებისგან დამიფარე, თორემ მტრებს მე თვითონ მოვუვლიო,“- მიმართა ბობოხიძემ ნუკრი ქანთარიას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდის პირობა შეახსენა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა. რატიანის განცხადებით, პირობა არ შესრულებულა, რადგან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო პედაგოგებისთვის საათების გაზრდა, რასაც ხელფასების ზრდა უნდა მოჰყოლოდა.
საქართველოს პარლამენტმა დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს. დაახლოებით საათნახევარია პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს მთავრობის გეგმებს აცნობს. ამ წუთებში შეხვედრა უკვე კითხვა პასუხის რეჟიმში გრძელდება.