„თუ ვინმე ეცდება, რომ ეს კორიდორები გამოიყენოს მესამე ქვეყნისთვის, ეს იქნება ამ შეთანხმების არსის და სულისკვეთების დარღვევა,“ - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთთან საბაჟო ურთიერთობების შესახებ შვეიცარულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებას.
„თუ საქართველომ დაუშვა ის, რომ გაატარებს სომხეთის ტვირთებს, ამ გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ ექნება ამ შეთანხმებასთან,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებას შვეიცარულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ მესამე ქვეყნის მიერ აღნიშნული კორიდორის გამოყენება 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ იყო ასახული. გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას არა მხოლოდ შვეიცარულ კომპანიასთან, არამედ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
„შეთანხმება ითვალისწინებს, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს-რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ვაჭრობას. ამ თავლსაზრისით, მე პირადად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ საქართველომ სამივე კორიდორი გამოიყენოს თავისი ვაჭრობისთვის,“ – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მთავარ არსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვედრილი ტვირთების კონტროლი წარმოადგენდა.
„ამ ხელშეკრულების მთავარი არსი არის ის, რომ საქართველომ მიიღოს ინფორმაცია, რუსეთიდან რა ტვირთები შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რა გადის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ანუ არალეგალური ვაჭრობა, რაც ხდება ამის შესახებ უნდა მიგვეღო ინფორმაცია შვეიცარელი მონიტორების საშუალებით, ეს იყო მთავარი არსი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.