მთავრობა მუშაობას 18-ის ნაცვლად, 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით შეუდგება. 103 მომხრე, 17 წინააღმდეგი პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას, რეკორდულად ხანგრძლივი სხდომის შემდეგ ნდობა გამოუცხადა. გიორგი კვირიკაშვილის გუნდის დამტკიცებას საკანონდებლო ორგანოში თითქმის 14 საათიანი განხილვები უძღოდა წინ.
ნდობის გამოცხადება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. განხილვებისას ვითარება რამდენიმეჯერ დაიძაბა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის გამოსვლის დროს მმართველი გუნდის წევრები დემონსტრაციულად ხმაურობდნენ, ტრიბუნასთან მდგომ დეპუტატს ზურგს აქცევდნენ და არ უსმენდნენ.
ამის შემდეგ ტრიბუნასთან ნიკა მელია გამოვიდა. რომლის საუბრის დროსაც სიტუაცია საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში უკიდურესად დაიძაბა. "ნაციონალური" მოძრაობის წევრმა პრემიერს მათ შორის, წინა დღისით მომხდარი ინციდენტი შეახსენა და "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა, რასაც დარბაზში უმრავლესობის მხრიდან კვლავ ემოციური რეაქცია მოყვა. პროცესი დეპუტატებს და მინისტრებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა.
კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა. ოპოზიცია მმართველ გუნდს არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მთავრობა მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ვერ შეძლებს.