20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ტურებივით გამოძვრნენ ბუჩქებიდან - ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობაზე საუბრობს

„დეპუტატების 90%-ს გუშინ ფუნქცია გაუჩნდა - ამ განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა. გოცირიძემ მმართველი გუნდის წევრები ბუჩქებიდან გამოსულ ტურებს შეადარა, რომლებიც, მისი თქმით, მსხვერპლს ესხმიან თავს.

დეპუტატი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მთავრობის წევრების გულის მოსაგებად დრო იპოვეს და მათი საჭიროება ოპოზიციის შეურაცხყოფით გამოხატეს. 

„სადღაც სპორტსმენები არიან, სიაში ჩაწერილი ადამიანები, რომლებმაც დაინახეს, რომ რაღაცით შეიძლება წაადგეს ამ მთავრობას და მათი საქმიანობა გუშინ გამოიხატა იმაში, რომ უბრახუნებდნენ სკამებზე, უყვიროდნენ დეპუტატებს, არ გვაძლევდნენ ნორმალური საქმიანობის საშუალებას და რაც ყველაზე სამარცხვინოა, თავდასხმა მოახდინეს, როგორც ველურმა ცხოველებმა. ტურები რომ გამოძვრებიან ბუჩქებიდან, კინოებში გვინახავს და დაესევიან მსხვერპლს, ასეთი ტურების ეფექტი მოახდინეს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მთავრობის ახალი შემადგენლობის მიერ წარდგენილ პროგრამას აფასებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. თუმცა, პარტიის ლიდერები მმართველ გუნდს რეალობის აღქმისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება მომხდარ ინციდენტებს, გიგი წერეთელი ამბობს, რომ ის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ხდებოდა საკანონმდებლო ორგანოში, უსიამოვნო საყურებელია.

„ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი ისეთი თემა აქვს, რომელიც ბევრ უსიამოვნო განცდას იწვევს და დამატებით პარლამენტში დაძაბულობის ყურება, ჩხუბი და აყალმაყალი, ეს რა თქმა უნდა, რა არის კარგი არც პარლამენტისთვის, არც პარლამენტარიზმისთვის და არც იმ საქმისთვის, რომლისთვისაც ჩვენ აგვირჩია ხალხმა,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები