გაეროს გენერალური ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც შეერთებულ შტატებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციას 128 ქვეყანა მიემხრო, დოკუმენტს კი მხარი მხოლოდ 9 ქვეყანამ დაუჭირა. საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
პალესტინელები გაეროს გენერალური ასამბლეაში მიმდინარე დებატებს და კენჭისყრას ქუჩაში დამონტაჟებულ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალს. იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ კი, ღაზის სექტორში ზეიმი დაიწყო. ხალხმა ქუჩებში დონალდ ტრამპის და ისრაელის პრემიერის ფოტოები და ამ ქვეყნების სახელმწიფო დროშები დაწვა.
იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუცია გენერალურ ასამბლეაში განხილვაზე მას შემდეგ გაიტანეს, რაც დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოში ჩავარდა. მას შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო. ვაშინგტონის პოზიცია ნიკი ჰეილიმ უშიშროების საბჭოს შემდეგ გენერალური ასამბლეის წინაშეც ახსნა.
ამერიკელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ მიანიშნა წევრებს, რომ რეზოლუციის მხარდაჭერის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნები ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან.
გენერალურ ასამბლეაში მოწვეულ საგანგებო სხდომას აბსურდის თეატრი უწოდა ისრაელის პრემიერმინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი სრულად უარყოფს რეზოლუციას და იერუსალიმი დედაქალაქი იქნება ყოველთვის.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით იურიდიული ძალა არ გააჩნია. დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათს ატარებს.
ავტორები: თეა თეთრაშვილი, ლიკა გოგიშვილი