20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვრისთვის გადადო

კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვრისთვის გადადო.

არსებული ინფორმაციით, კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ტექნიკური მიზეზით გადაიდო. კერძოდ კი მოსამართლეთა კოლეგიამ განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ არ არის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნილი მასალები პეჩორის რაიონული სასამართლოდან.

მოსამართლეთა განმარტებით, ამის გამო ისინი ვერ შეძლებდნენ საქმის განხილვის დაწყებას.

სააპელაციო სასამართლომ უკრაინის პროკურატურის შუამდგომლობას უნდა განიხილოს, რომლითაც ბრალდების მხარემ გაასაჩივრა პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა, სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილმა მედიისთვის განცხადება გააკეთა. მან უკრაინის ხელისუფლებას მიმართა. სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია ის ჩაკეტოს ან მოკლას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ის დანებებას არ აპირებს. 

"თქვენ შეგიძლიათ მე დამიჭიროთ, მომკლათ, გამანადგუროთ, მაგრამ, ამით თქვენი ისტორია არ შეიცვლება. თქვენ ვერ შეძლებთ გამოსცეთ კანონი ყოველი ადამიანის გამო, რომელიც თქვენ გაკრიტიკებთ, ასევე ვერ გამოსცემთ ბრძანებას ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ. თქვენ ვერ შეძლებთ გააუქმოთ ყველა სასამართლო, იმიტომ რომ თქვენ არ მოგწონთ, რომ მოსამართლემ ვინმე გაათავისუფლა. თქვენ არ შეგიძლიათ გაათავისუფლოთ მოსამართლე მხოლოდ იმიტომ, რომ მან თქვა სიმართლე. ეს 21-ე საუკუნეა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქმის გადადების შესახებ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა კიდევ ერთხილ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა 3 იანვარს განგებ ჩანიშნეს სასამართლო პროცესი, რა დროსაც ხალხი ახალ წელს აღნიშნავს და სადღესასწაულო დღეებია. 

„რა იქნება 3 იანვარს? ყველას ეძინება. 3 იანვარს შესაძლებელი იქნება იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხელისუფლებას და კორუმპირებულ პროკურატურას სჭირდება. თუ ადამიანი აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, მას წელიწადში სამჯერ არ კითხავენ. მათ სურთ დააშინონ ყველა, ვინც ჩვენთან ერთად ბრძოლაში მონაწილეობს. ასევე სურთ მოსამართლე ცოკოლის გათავისუფლება და დასჯა, რომ ამით დააშინონ ეს მოსამართლეებიც. 3 იანვარს კი დაამთავრონ თავის ბინძური საქმე, ჯერ შინაპატიმრობა მომისაჯონ და დაიწყონ ჩემი ექსტრადირების უკანონო პროცედურა,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები