საკანონმდებლო ორგანო დღეს მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს. დეპუტატები კანონპროექტს კენჭს მესამე მოსმენით უყრიან. კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ცვლილებები დამოუკიდებელი კერძო მაუწყებლების უფლებებს უხეშად არღვევს.
„თქვენ, ჟურნალისტები აქედან წახვედით ღამის 4 საათზე. თქვენ შოულობთ შრომით, ჟურნალისტებს არ ეხებათ საზოგადოებრივი მაუწყებლის. საზოგადოებრივი მაუწყებელი 50 მილიონს იღებს ბიუჯეტიდან და კონკურენციაში შედის ასეთი უზარმაზარი ფინანსური სასტარტო მდგომარეობით, რომელიც არის მთელი სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტი და ითხოვს დამატებით პრივილეგიებს. ჩვენ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას, ვიცავთ კერძო მედია სექტორს. ჩვენ არ გვინდა მართული მონსტრი, რომელიც 50 მილიონს ისე შეჭამს, რომ მისი რეიტინგი 0,3%-ს არ გასცდება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
კანონის მიღების შემთხვევაში კორუფციის რისკზე საუბრობს „ევროპული საქართველო“. პარტიის ლიდერების განცხადებით, იმის გამო, რომ ცვლილებებს ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედია ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან, კანონს, დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.
„რასაკვირველია პრეზიდენტმა უნდა დაადოს ვეტო, რადგან ეს კანონი ორ პრობლემას ქმნის. პირველი, ეს არის კორუფციის რისკები, ისედაც ცალსახაა და აშკარაა და ბევრი საფუძველი არსებობს, რომ ვთქვათ, რომ კორუფცია არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მეორე პრობლემა არის ის, რომ ყველას თქვენ გეზღუდებათ თავისუფალი სარეკლამო სივრცე,“ - აცხადებს სერგო რატიანი.