„ყოველთვის ვიქნებით შეურიგებელი ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით,“ - ასე აფასებს საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით სუს-ის მიერ 5 პირის დაკავებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპორტსმენები დააკავა. დაკავებულებს შორისაა საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი, ვაჯა კვარაცხელია.
საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ფლობს ინფორმაციას, რომ დაკავებულია 2 მწვრთნელი და 2 მსაჯი.
„ყოველთვის ვიქნებით შეურიგებელი ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ვიცით, ეს არა მხოლოდ საქართველოს, ზოგადად, ჩაწყობილი თამაშების პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს,“ - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული აცხადებს, რომ თუ ჩაწყობილ თამაშებთან მართლაც აღმოჩნდება დაკავებული პირების კავშირი, ისინი მკაცრად უნდა დაისაჯონ.
„მე უბრალოდ არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ თუ დადგინდა ის, რომ ნამდვილად იყო აღნიშნული და იყო ჩაწყობილ თამაშებთან გარიგებები, მე როგორც კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე, მოვითხოვ, რომ მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებიც იყვნენ ჩართული ანალოგიურ თამაშებში,“ - აცხადებს პაატა გურასპაული.
საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძეც მიესალმება იმ აზრს, რომ დადასტურების შემთხვევაში კალათბურთიდან უნდა მოიკვეთონ ეს ადამიანები.
„ვინც არ უნდა იყოს, თუკი ეს დადასტურდება, მოკვეთილი იქნება კალათბურთიდან და საერთოდ სპორტული სამყაროდან უნდა იყოს მოკვეთილი ასეთი ადამიანი,“ - განაცხადა გოგოლაძემ.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე ვადით.