„ადვოკატთა ასოციაცია“ არჩევნების მეორე ტურს მართავს. არჩევნები რამდენიმე წუთში დაიწყება. პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. მეორე ტურში კი ერთმანეთს დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია უპირისპირდებიან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ჯანაშია მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
„სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი ძირითადი არჩევნების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მეორე ტური არ ვთვლი, რომ ლეგიტიმურია, კანონიერად არის დანიშნული, ამიტომ არ ვაპირებ ამაში მონაწილეობის მიღებას,“ - განაცხადა ჯანაშიამ.
ლევან ჯანაშია აღნიშნავს, რომ სასამართლო განხილვა 6 მარტს არის დანიშნული. ის ასევე, მეორე ტურის ჩატარების აკრძალვას ითხოვდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი მეორე ტურის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს.
„მეორე ტური არის ლეგიტიმური... ასათიანმა მიიღო უფრო მეტი ხმა, ვიდრე ყველა კანდიდატმა ერთად და ჯანაშიამ და მისმა გუნდმა, რადგან დაიწყო, რომ არასწორად რაღაც მოხდა, სპეციალურად დავნიშნეთ მეორე ტური,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ზატიაშვილი აღნიშნავს, რომ ჯანაშია მეორე ტურში მონაწილეობას იღებს, რადგან მას კანდიდატურა არ მოუხსნია.
დღეს არჩევნებში მონაწილეობას ფორმალურად ორი კანდიდატი, პირველ ადგილზე გასული დავით ასათიანი და მეორე ადგილზე გასული, ლევან ჯანაშია, იღებს.