20 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
მეორე ტურზე არმოსვლა არის დამარცხებული კანდიდატების მორალური სახის შენარჩუნების კლასიკური მაგალითი - დავით ასათიანი

„დამარცხებულ ოპონენტებზე საუბარი, მე მგონი, არ არის ახლა ჩემი მხრიდან სწორი. ამ შემთხვევაში მეორე ტურზე არმოსვლა და ბოიკოტი, ეს არის კლასიკური მაგალითი, მორალური სახის შენარჩუნების დამარცხებული კანდიდატების,“ - ეს განცხადება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ასათიანმა ასოციაციაში არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას გააკეთა.

"ადვოკატთა ასოციაცია" დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. რეგისტრაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ადვოკატებს დღეს არჩევანის გაკეთება დავით ასათიანსა და ლევან ჯანაშიას შორის მოუწევთ, რომლებიც მეორე ტურის რეგისტრირებული კანდიდატები არიან.

დავით ასათიანი აღნიშნავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნების ქვეშ არ დგას.

თუმცა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ჯანაშია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და სპორტის სასახლეში მისვლას არ აპირებს. არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„ე.წ. პირველი ტური არჩევნების, ვთვლი, რომ არის გაყალბებული და ეს არ არის უბრალოდ ჩემი მოსაზრება, ეს არის მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია. ვთვლით, რომ სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა,“ - განაცხადა ლევან ჯანაშიამ.

ლევან ჯანაშია არჩევნების პირველი ტურის ერთ-ერთ დარღვევად საარჩევნო ყუთში ამომრჩევლის რაოდენობაზე მეტი ბიულეტინის დათვლას ასახელებს. მან ასევე, აღნიშნა, რომ ზაზა ხატიაშვილი ამ საკითხების გამოკვლევას თავს არიდებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი კი ოპონენტებს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მათ არჩევნების ჩაშლა პირველივე ტურზე სურდათ.

"უნდოდათ არჩევნების ჩაშლა და დაცვამ ივაჟკაცა, სასწრაფოდ ყუთები გადაიტანეს და დაარტყეს ალყა. ეს ჩანს ყველა ვიდეო კამერაზე, ყუთებთან მიახლოება არ ყოფილა არავის. ვინაიდან მათ დაინახეს, რომ კატასტროფულად წააგეს, ცდილობენ, რომ ადვოკატთა ასოციაციას იმიჯი შეულახონ," - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დღის ამბები