„მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, იყო არა ის, რაც მოხდა იმ დღეს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სანახავი იყო და გავიგეთ, რომ პრემიერს ნერვები არა აქვს წესრიგში,“ - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, პრემიერის მხრიდან პარლამენტში გახმოვანებული სიტყვიერი დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.
„ნერვები გაუფუჭა, ალბათ, იმან, რომ ის ასრულებს სამსახურს, რომელიც არასდროს, თავიდან არ უნდოდა და შემდეგ ახლა ამ შარშია, რომელშიც იმყოფება,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ყველაზე მძიმე პრემიერის ბოდიში იყო.
„ყველაზე მძიმე იყო მისი ბოდიში, ე.წ. ბოდიში, ის გაცილებით უფრო მძიმე იყო. პირველი, მის მიერ განმარტება იმის შესახებ, რომ ღირსება დაიცვა, რომ ის კოსტუმში არ დაბადებულა, რომ, თურმე, სხვადასხვა ამბებია ქუჩა და კოსტუმი, გინება და კოსტუმი... შემდეგ უკვე ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ქართული ოცნების სამთავრობო და საპარლამენტო შემადგენლობა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ერთსა და იმავეს ლაპარაკობდნენ, რომ, თურმე, პრემიერმა საკუთარი თავის ღირსება დაიცვა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისი თქმით, სოციალურ ქსელშიც გაჩნდნენ პრემიერის მხარდამჭერები, მისი მხრიდან გამოთქმული სიტვიერი შეურაცხყოფის გამო.
ხიდაშელის თქმით, თუ სხვა ქვეყანაში მსგავსი ფაქტი დაფიქსირდებოდა, აუცილებლად წავიდოდა პრემიერი.
ის სამთავრობო ცვლილებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ახალი მინისტრები ბიძინა ივანიშვილის ერთგულები არიან.
„საქართველოში ამ ბოლო სამთავრობო ცვლილებებით, როდესაც ბატონი ბახტაძე და გახარია დაინიშნენ მინისტრებად, პირველად გვყავს ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ისევ... ეს ორი ადამიანი ერთადერთი ნიშნით არის დღეს მთავრობაში. მხოლოდ ერთადერთია მათი პოლიტიკური ბიოგრაფია, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ერთგულები არიან და წერტილი,“ - განაცხადა ხიდაშელმა.