„პოლიტიკური ჭრილი არის კატასტროფული,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტში პრემიერმინისტრის მიერ ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას, მიმართ გამოთქმულ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
„მისი თმენის ვალდებულება არის აბსოლუტური ვალდებულება იმიტომ, რომ მის არამდგრად გამოხტომას შეიძლება, მოჰყვეს სახელმწიფო კრიზისი,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერის გამოსვლა არამხოლოდ ქვეყნის შიგნით პროცესებზე, არამედ საგარეო ურთიერთობებზეც გარკვეულწილად აისახება.
„ივანიშვილსაც არ მოეწონებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, ივანიშვილი კარგად ხვდება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მისი დღევანდელი ფსიქოლოგიურ მდგომარეობა არამდგრადია, რითაც, ფაქტობრივად, მთლინად დაანგრია ის იმიჯი, რასაც აშენებდა... ამ კაცს პოლიტიკის არაფერი გაეგებოდა, ვიცოდით, მაინცდამაინც არც ეკონომიკის არ გაეგებოდა, ესეც ვიცოდით და ერთდერთი, რის გამოც, მე, პირადად, ვამართლებდი მის პრემიერმინისტრობას, ეს იყო მისი კეთილბუნებოვნება, თავშეკავებულობა,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რამ მიიყვანა პრემიერი ამ მდგომარეობამდე.
მისი თქმით, პრემიერის ემოციური დაძაბულობა შოთა შალელაშვილის ღია წერილით დაიწყო, როდესაც მან იერუსალიმის აღიარების თხოვნით მიმართა, რაზეც ხუხაშვილის თქმით, პრემიერმა „ფეხების ბაკუნი დაიწყო“. პოლიტიკოსის თქმით, ამის შემდეგ „უცნობის“ ამბავი გახმაურდა.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მთავრობის გადაყენებით დაიწყო და ეჭვიანობა დაიწყო.
„სისტემურად კვირიკაშვილი დასრულებულია, რა თქმა უნდა... პრინციპში, სისტემურად დასრულებული არის ის უკვე დიდი ხანია. უბრალოდ, მის მომავალ კარიერას ჰქონდა ორი განვითარება - ერთი პოზიტიური და ერთი ნეგატიური. პოზიტიური გახლავთ, რომ საპრეზიდენტო სავარძელში მისი გადაბარგება, სავარაუდო და პრინციპში, ლოგიკური იქნებოდა ასე განვითარება და არის ნეგატიური, რომ უბრალოდ, როგორც ღარიბაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის თქმით, ღირსების დაცვა გინება არ არის.
"ღირსეული კაცი შორიდან ღირსებას გინებით არ იცავს. თუ ღირსების დაცვა უნდა, მიდის და ხელს არტყამს... თუ მაინცდამაინც ვაჟკაცობაზე დებს თავს, მაშინ ხელი უნდა გაერტყა," - განაცხადა ხუხაშვილმა.