20 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

ამერიკის კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით შესულ პირველ კანონპროექტს თბილისში გამოხმაურებები მოჰყვა.

საუბარია კონგრესმენ სტივ რასელის რეზოლუციაზე. ის ქართველი მინისტრების ვიზების გაუქმებას, საბანკო ანგარიშების გაყინვასა და შტატებში შესვლის აკრძალვას ითხოვს. მიზეზად კი ამერიკული კომპანიების, კერძოდ „ჯორჯიან მანგანეზის", ფილიპ მორისისა" და „ფრონტერას"  შევიწროვება სახელდება.

ოპოზიციის წევრები აღნიშნულ ფაქტს "საგანგაშოს" უწოდებენ მიუხედავად იმისა, რა ბედი ეწევა კანონპროექტს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორი მიმართულებით არ ვითარდება.

„საქართველოს ხელისუფლება არ ვითარდება სწორი მიმართულებით. არ ვითარდება იმ მიმართულებით, რასაც ეფუძნება საქართველო-ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები. კერძოდ ის, რომ სასამართლო არის მიკერძოებული, ემსახურება რეალურად ხელისუფლების დაკვეთებს და ამ ფაქტებით ზუსტად ეს ვლინდება და დგინდება, რომ შევიწროებულია ის კომპანიები, სადაც ქართული მთავრობის ინტერესები არ იქნა გათვალისწინებული და ამის გასამყარებლად, ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულების ინსტიტუტს, კერძოდ სასამართლოს,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე, კი საშიში ტენდენციებზე საუბრობს.

„ამერიკელი კონგრესმენის მიერ შემუშავებული ეს კანონპროექტი, სხვა განცხადებებთან ერთად, მიუთითებს იმ ძალიან საშიშ ტენდენციაზე და ძალიან მოლიპულ გზაზე, რაზეც საქართველოს მთავრობა დგას ბოლო წლებს განმავლობაში,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

„თუ რაიმე კონკრეტული პრობლემაა, ჩვენს ქვეყნებს აქვთ შესაბამისი ურთიერთოიბები ერთმანეთთან და შესაბამის დონეზეც დაისმებოდა ეს საკითხიო აქამდე, ჩემი აზრით, რადგან არ არის დასმული, მგონია, რომ შესაბამისად საფუძველიც არ არის,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები