სამართალდამცველების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლას ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.
კობახიძე ოპოზიციის კრიტიკასაც პასუხობს და საპოლიციო კონტროლის საჭიროებას განმარტავს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონტროლი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით ტარდება და მას პარლამენტი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება.
„საპოლიციო ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება იყოს დაცული, თუმცა ამასთანავე რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები იყოს სათანადოდ დაცული და შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი პროცესი იქნება პარლამენტის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პოეტი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ის საპოლიციო კონტროლის ფარგლებში გააჩერეს, ცინიკურად ესაუბრნენ და ბოლოს სცემეს. ზვიად რატიანი 10 საათიანი პატიმრობის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.