„ფრაქციების შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვები არ არის,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების“ წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს სხდომის გადადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
პარლამენტში ბიუროს სხდომა გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია უნდა დარეგისტრირებულიყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბიუროს სხდომის გადადების მიზეზი უმრავლესობის შიგნით, ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებული უთანხმოება იყო, თუმცა, უმრავლესობის ლიდერები უთანხმოებას უარყოფენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ ფრაქციების შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
„ფრაქციების შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვები არ არის, მაგრამ ტექნიკური საკითხები არის, მათ შორის, წერილები, სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურები მოსაწესრიგებელი და შესაბამისად, მხოლოდ ტექნიკური კუთხით იყო გადადება გამოწვეული,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ფრაქციებს შორის წევრების გადანაწილებასთან დაკავშირებით საპროცედურო კომიტეტში გააკეთებენ განცხადებას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ფრაქციების ახალ შემადგენლობას ბიუროს სხდომაზე დაამტკიცებენ.
„პროცედურების შესაბამისად იქნება მსჯელობა კომიტეტზე. უკვე, შეთანხმება პრაქტიკულად, დასრულებულია, დარჩენილი იყო წმინდა ტექნიკური საორგანიზაციო საკითხები, კონკრეტული გვარები. ის, რომ ფრაქციების ფორმირება დასრულდება და ხვალ ბიუროს სხდომაზე იქნება მსჯელობა, ამაზე უკვე შევთანხმდით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგლამენტში შესატან ცვლილებებეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გეგმავენ, რომ კანონპროექტების განხილვის ვადები გაზარდონ.
სავარაუდოდ, „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ორი ფრაქციის ფორმირების საკითხი იყო განხილვის თემა უმრავლესობასა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზეც, რომელიც უკვე დასრულდა.