07 დეკემბერი 2024,   06:56
ვრცლად
წლის ბოლო სხდომა საკრებულოში - ოპოზიცია მმართველ გუნდს დედაქალაქის გენერალური გეგმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

საკრებულოში წლის ბოლო სხდომა გაიმართა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განცხადებები გააკეთეს. ოპოზიცია მმართველ გუნდს დედაქალაქის გენერალური გეგმის გაჭიანურებაში სდებს ბრალს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გენერალური გეგმის გაჭიანურება თბილისში ქაოტურ მშენებლობებს უკავშირდება.

ოპოზიციის თქმით, მშენებლობებში, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, მაღალი თანამდებობის პირების ინტერესები იკვეთება.

„ფაქტია, რომ ხელოვნურად მიმდინარეობს გენ. გეგმის მიღება, მარტო იმ მიზეზით, რომ გაგრძელდეს ქაოტური მშენებლობები და კონკრეტულმა ადამიანებმა, პერსონალურად ისარგებლონ აქედან. ჩვენ ვიცით, რომ კახი კალაძესაც ჰქონდა მსგავსი მშენებლობა ნუცუბიძეზე, იყო მშენებლობები სპორტის აკადემიასთან. ქალაქში, სხვადსხვა ადგილას, სადაც ყიდიან კოეფიციენტებს და 2 სართულიანის ნაცვლად, შემდეგ ვხედავთ, რომ 15, 20 და უფრო მაღალ სართულიანი შენობები შენდება. სწორედ ამიტომ არის რომ ჭიანურდება,“ - -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ოზაშვილი ამბობს, რომ თბილისის განვითარებისთვის გენერალური გეგმის მიღება აუცილებელია.

„უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ქაოტური. ვფიქრობთ, რომ გენერალური გეგმა უნდა იყოს მიღებული დროულად,“ - განაცხადა ელენე ოზაშვილმა.

გენ. გეგმასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებები გაუგებარია თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის” წევრ ვახტანგ შაქარიშვილისთვის.

„ჩვენ თითოეულ ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ მივიღოთ დახვეწილი დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელიც იქნება მომავალი წლების განმავლობაში ქალაქის სტრატეგიული განვითარების საფუძველი,“ - აცხადებს შაქარიშვილი.

დღის ამბები