„ცალსახად კარგია ის, რომ პირველად ხელისუფლებამ აღიარა, რომ მას აქვს პრობლემა კრიმინალთან,“ - ეს განცხადება შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებით გააკეთა.
შოთა უტიაშვილმა აღნიშნა, რომ კრიმინალის აღიარება ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ისეთმა შემთხვევებმა აიძულა, როგორიც არის აფგან მუხთარლის საქმე ან ბოლო დროს ძალადობის ფაქტების გამოვლინებები.
უტიაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ პოლიციელთა რაოდენობა გაზრდილია, ხოლო სტანდარტებმა დაიწია.
„პოლიციის გაწმენდა იქნებოდა პირველი, რაც უნდა გაკეთებულიყო, ჩემი აზრით და მეორე, და მთავარი არის, რომ არ უნდა ჰქონდეს არც გახარიას, არც არავის იმედი, რომ ამ კრიმინალური ვითარების გარდატეხვა მოხდება რაღაც მოკლევადიანი, ეფექტური ღონისძიებით ან ჯადოსნური ჯოხით,“ - განაცხადა უტიაშვილმა.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ტრენინგების ჩატარება, რათა სამართალდამცავებმა ისწავლონ, როგორ მოექცნენ მოქალაქეს.
უტიაშვილის თქმით, პოლიციის ავტორიტეტის აწევას ასეთი რეიდები არ უშველის.