სპეცოპერაცია თბილისსა და პანკისში - ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. მმართველი გუნდის ოპონენტების მტკიცებით, კახეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებით დასტურდება, რომ ახმედ ჩატაევის გათავისუფლება სერიოზული შეცდომა იყო.
„ჩემთვის მთავარი კითხვა არის, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჩატაევი ჯერ იქნა გაშვებული ციხიდან, მერე იქნა გაშვებული საქართველოდან და მერე ის შემოვიდა საქართველოში. რაც მთავარია, ის დიდი ხნის განმავლობაში აქ იმყოფებოდა, მოახერხა შეიარაღების შემოტანა და ა.შ. ამ კითხვებს აუცილებლად სჭირდება პასუხის გაცემა და კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება,“ - აცხადებს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი სერგი კაპანაძე.
საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული პირების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის მიღების იმედი არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიაში საზღვრის დაუცველობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ფაქტია, რომ საზღვარი არის სრულიად დაუცველი. არავითარი მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება ჩატაევის გარშემო აგორებულ სკანდალს და კითხვებს პასუხს გასცემს, არ მაქვს,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
განსხვავებულად ფიქრობს "ქართული ოცნება". მმართველ გუნდში თვლიან, რომ ყველა გამოძიების პირველად შედეგებს უნდა დაელოდოს.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ პირველად შეჯამებას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, სწორი დასკვნები გავაკეთოთ და პირველივე დღეებში უკვე დამამთავრებელი და ასე ვთქვათ დასრულებული ეტაპის დასკვნების გაკეთება არ იქნება არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად სწორი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.