„ქართული ოცნება“ ძლიერი ეკონომიკისთვის და „ქართული ოცნება“ ძლიერი საქართველოსთვის - ასეთი იქნება იმ ახალი ფრაქციების სახელწოდება, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს. ცნობილია დეპუტატთა ოდენობაც, ფრაქციებში 11 და 8 კაცი შევა. შედეგად ჯამში უმრავლესობას პარლამენტში 8 ფრაქცია ექნება.
ბიურომდე, ახალ ფრაქციებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეიკრიბება. საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ დამატებითი თანხის მოძიება საჭირო არ იქნება.
„კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ განაცხადებს და იმ შემთხვევაში თუ ფრაქციების შექმნის პროცედურული ნაწილი შეესაბამება რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შევიმუშავებთ დადებით დასკვნას და ამ ინფორმაციას მივაწვდით ბიუროს,“ - განმარტა გიორგი კახიანმა.
ახალი ფრაქციების შექმნით ოპოზიცია ხარჯების გაზრდაზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ ახალი ფრაქციები ფინანსური ინტერესის გამო იქმნება.
„ერთადერთი იქნება ის, რომ ჭამონ ბიუჯეტი და ამას ვნახავთ მთელი სამი წლის განმავლობაში, როგორი აქტიური იქნებიან ეს ახალი ფრაქციები. გაუგებარია, რატომ იქმნება, რისთვის იქმნება, რა უნდა გააკეთონ პარლამენტში და რა უნდა შესძინონ პარლამენტს. არის რაღაც შიდა ბრძოლა,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.