20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფის მატებას პროგნოზირებს

ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფის მატებას პროგნოზირებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე. რომან კაკულია ვერ აკონკრეტებს, რამდენით მოიმატებს კომუნალური გადასახადები, თუმცა ამბობს, რომ ის უმნიშვნელო იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობა ტარიფების გაზრდის საჭიროებას მომხმარებლების ოდენობის მატებას უკავშირებს, რის გამოც კომპანიებს ინფრასტრუქტურისთვის დამატებითი თანხა სჭირდებათ.

„მე არ ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვან ზრდაზე იქნება საუბარი. განცხადებები გაკეთდა და ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი მოხმარება. ეს თავისთავად ცხადია, გარკვეული რეაგირებას საჭიროებს ამ სექტორის მხრიდან და ეს რეაგირება ცხადია, უნდა იყოს ადგილობრივ გენერაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით,“ - აცხადებს რომან კაკულია.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ კომპანიების დაკმაყოფილება ტარიფების მატების გარეშეც შეიძლებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი გუნდის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს.

„ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მთავრობა ატარებს, აუცილებლად გამოიწვევს ფასების ზრდას და ასევე ტარიფების მატებას. ეს იყო გარდაუვალი. ისინი ეკონომიკას აგებენ საარჩევნო ციკლზე და არა ჯანსაღ ეკონომიკურ პრინციპებზე, რომლითაც არ გაიზრდებოდა ტარიფები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ტარიფების მატებას ივანიშვილის საახალწლო საჩუქარს უწოდებს „ევროპული საქართველო“.

„საახალწლოდ ივანიშვილი და მისი მთავრობა აპირებს საჩუქარი გაუკეთოს ქართველ ხალხს, რაც კიდევ უფრო მძიმედ აისახება ამ საყოველთაო გაჭირვებაში მყოფ ძალიან ბევრ ოჯახზე,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები