„შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა იწყება. საპატრულო პოლიცია უფრო მოქნილი და მოდერნიზებული გახდება და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება,“- ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
„სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ. კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, რომ არასრულწლოვანთა დანაშაული შევამციროთ და არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობა განახლებული შემადგენლობით პირველ და წლის ბოლო სხდომას მართავს. მთავრობის წევრებმა 2017 წელი შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება.