ორი ახალი ფრაქციის დარეგისტრირებას მმართველ გუნდში საპარლამენტო უმრავლესობის გუნდის გაძლიერებად აფასებენ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შესაძლოა გუნდში არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ახლად დარეგისტრირებული ფრაქციების „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის“ და „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ გამოყოფამ შექმნა საშუალება, დეპუტატების მეტი ჩართულობის.
„გარკვეული თემატური ჯგუფები შეიქმნა. ბუნებრივია, აზრთა თანხვედრა არის მთავარი მიზეზი. ამით ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა საპარლამენტო უმრავლესობის გუნდი, რომელსაც აქვს საერთო ხედვა, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, რაც არის დემოკრატიის უპირობო ნიშანი. თუმცა, ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მეტი ჩართულობისათვის თითოეული დეპუტატის,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ ახლად შექმნილ ფრაქციაში ზაზა გაბუნია უნდა ყოფილიყო, თავად უმრავლესობის წევრი ადასტურებს, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე იყო. ზაზა გაბუნიას თქმით, ის დარჩა ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ და არსად გადასვლას არ აპირებს.
„კონსულტაციები იყო უამრავ საკითხზე. თუმცა, კონსულტაციების შედეგად ზოგიერთი გადაწყვეტილება გადაწყვეტილებად რჩება, ზოგიერთი გადაწყვეტილება იცვლება. მე დავრჩი ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“. რაც შეეხება სხვაგან გადასვლას, სხვა ფრაქციაში გადასვლას არ ვაპირებ,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ ის დეპუტატები, ვინც ახალ ფრაქციებში იქნებიან, რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად.
ახალ ორ ფრაქციაში, რომელიც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრიდა 19 დეპუტატი შევა. აქედან 11 ერთ ფრაქციაში, დანარჩენი კი მეორე ფრაქციაში გადანაწილდება.
ახლად შექმნილი ფრაქციების დამატებით „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სულ 8 ფრაქცია ეყოლება.