პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციას კითხვები აქვს და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
მმართველი გუნდის ოპონენტების მტკიცებით, კახეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებით დასტურდება, რომ აჰმედ ჩატაევის გათავისუფლება სერიოზული შეცდომა იყო.
„გაგვცენ პასუხი იმაზე, რეალურად რა კავშირი არსებობდა თუ არსებობდა ასეთი კავშირები დაჭრილ ახალგაზრდასა და ჩატაევის გუნდს შორის. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ ისიც რატომ იქნა გამოყენებული ის ძალა, რომელიც სპეცრაზმმა გამოიყენა,“-ამბობს გიორგი ტუღუში.
ოპოზიცია მმართველ გუნდს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ ხეობაში ვითარების დაძაბვა, უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
„არ ესმის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს პანკისში შექმნილ სიტუაციას ახლა. ეს აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ ინტერესებს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, რომლებმაც ასე უთავბოლოდ დაგეგმეს ეს სპეციალური ღონისძიება და ამ სპეცოპერაციის დროს დაჭრილია ახალგაზრდა,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საკითხით მანიპულირებასა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს მმართველი გუნდი.
„საკითხი ეხება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების თემას. მათი დაცვის გარანტიების შექმნას. მრჩება ასეთი განცდა რომ ხდება გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული შეტევა უსაფრთხოების და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ,“-აცხადებს ეკა ბესელია.