20 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
მესამე სექტორში ლარის გაუფასურებას ბიუჯეტის ხარჯებს უკავშირებენ

„ბოლო ერთ კვირაში ლარი, დაახლოებით, 8 თეთრით გაუფასურდა და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის ხარჯებმა გამოიწვია,“ - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” მთავარი ეკონომისტი, ბესიკ ნამჩავაძე ლარის გაუფასურებას.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით კიდევ 2 თეთრით გაუფასურდა და მისი შეძენა 2.61-ად არის შესაძლებელი. ხოლო ევროს შესაძენად 3.8 არის საჭირო.

„400 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ნაშთიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა, დაახლოებით, ყოველდღე 100 მილიონით მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალი აქვს და ეს დააწვა სავალუტო ბაზარს და ამან გამოიწვია ის გაუფასურება, თორემ სხვა რაიმე ფაქტორების გაუარესება ბოლო პერიოდში არ ყოფილა,“ - განაცხადა ბესიკ ნამჩავაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება სხვადასხვა კომპანიის მიერ დოლარის დაგროვებასთან არის დაკავშირებული.

„ეს არის გარკვეულწილად მოლოდინი და ვიღაცამ ჩათვალა, რომ კარგი მინიმალური კურსი იყო 2.53 და ამ დროს გადაწყვიტა შევსება, რადგან არის ხოლმე შემთხვევები ჩვენთან, როდესაც სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები და კომპანიები ყიდულობენ დოლარს და უბრალოდ აგროვებენ საკუთარ ანგარიშებზე. მათ იმ მომენტში ეს არაფერში არ სჭირდებათ, უბრალოდ, თავს იზღვევენ,“ - განაცხადა კეპულაძემ.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით კურსი კიდევ უფრო მაღალია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები