20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
მინისტრმა უნდა მოიხადოს ბოდიში იმ კადრების გამო, რომელიც შეუკოწიწეს რატიანს - პაატა შამუგია

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს ვიდეომტკიცებულება არის ნაყალბევი, ფალსიფიცირებული, არის შეკოწიწებული,“ - ასე აფასებს პოეტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი, პაატა შამუგია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გავრცელებას.

განსხვავებული აქცენტების ეთერში პაატა შამუგია აღნიშნავს, რომ ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნება შსს-ს ინტერესში შედიოდა.

„მთავარი არის ის, რომ სისტემამ, შსს-მ, ყოველ შემთხვევაში, რომელიმე მაღალჩინოსანმა, რომელსაც ხელეწიფება მსგავსი რამის გაკეთება, ეს ვიდეო გამოაქვეყნა, გაავრცელა ეს ნაყალბევი ვიდეო და მერე საჯიჯგნად მიუგდო ზვიად რატიანი ცოფიან ფანატიკოსებს, რომ აი ნახეთ, შეხედეთ,“ - განაცხადა პაატა შამუგიამ.

პაატა შამუგია აღნიშნავს, რომ შს მინისტრმა მწერლებთან გუშინდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უწყებამ დიდი შეცდომა დაუშვა ამ ვიდეოს გამოქვეყნებით. 

„ის მართლა, საჯიჯგნად აქცია შსს-მ ამ ნაყალბევი ვიდეოს გამოქვეყნებით,“ - განაცხადა შამუგიამ.

შამუგია ასევე აღნიშნავს, რომ შს მინისტრმა, სავარაუდოდ, იგრძნო, რომ მისი სისტემა ჩიხშია.

"მინისტრმა, სავარაუდოდ, იგრძნო, რომ ჩიხშია მისი სისტემა, ნამდვილად ჩიხშია იმიტომ, რომ ადამიანი არის ნაწამები და ამ სიტუაციას ახლა ვერავინ ვერ გამოუძვრება იმიტომ, რომ ფაქტი თავად ზვიად რატიანი და მისი სხეულია," - განაცხადა შამუგიამ.

შამუგია მინისტრს ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდებს.

„მინისტრმა უნდა გააკეთოს პოლიტიკური განაცხადი და უნდა მოიხადოს ბოდიში იმ კადრების გამო, რომელიც შეუკოწიწეს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მაგარ პოეტს,“ - განაცხადა შამუგიამ.

დღის ამბები