საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა მიმდინარე წელს აჯამებს. მმართველ გუნდში 2017 წლის მთავარ მოვლენად საკონსტიტუციო რეფორმას ასახელებენ.
„ჩვენ ამ მიღებული მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებებს შედეგად გავხდით და ვხდებით სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
მმართველი გუნდის შეფასებას არ იზიარებს ოპოზიცია.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ 2017 წელი ხელისუფლებისთვის წარუმატებელი იყო.
„ქართულმა ოცნებამ მოახერხა და ლარი გააუფასურა ისტორიულ ნიშნულამდე, საწვავის ფასი გაზარდა ისტორიულ ფასამდე, ყველა კომუნალურ გადასახადზე ტარიფი გააძვირა ნაცვლად იმისა, რომ შეემცირებინა ან გაენახევრებინა ისევე, როგორც ისინი ჰპირდებოდნენ წლების წინ. უკიდურესად მძიმე სოციალურ ფონს ქმნის ქვეყანაში,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე კი 2017 წელს ეკონომიკურად ყველაზე მძიმე წლად აფასებს.
„2017 წელი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე წელი, რომელიც დაიწყო ლარის ვარდნით და გაუფასურებით და სრულდება ისევ ლარის გაუფასურებით და ტარიფების გაძვირებით. ეს იყო წელი, როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ერთპარტიული მმართველობა,“ - განაცხადა დავით ბაქარაძემ.