საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის თავმჯდომარემ მშრალი და ფორმალური უწოდა. ირაკლი კობახიძემ კერძო მედიამაუწყებლების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ვერც გიორგი მარგველაშვილისგან და ვერც ოპონენტებისგან, არგუმენტები თუ რატომ არ უნდა დაძლიოს პარლამენტმა ვეტო, ვერ მიიღო.
თითქმის, 3-საათიან შეხვედრაზე კერძო ტელევიზიების ინტერესების დამცველები პარლამენტის თავმჯდომარეს უმტკიცებდნენ თუ რატომ არის საზიანო ახალი კანონპროექტი კერძო ტელევიზიებისთვის. მსჯელობას რამდენჯერმე ცხარე კამათი მოჰყვა.
ცხარე დისკუსიის შემდეგ მხოლოდ ერთზე შეთანხმდნენ - მომავალ კვირას კვლავ გაიმართება შეხვედრა მსგავს ფორმატში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
კერძო ტელევიზიების უფლებადამცველები შემდეგ შეხვედრაზე კვლავ ეცდებიან არგუმენტებით დაადასტურონ, რომ კანონპროექტის დღეს არსებული ვარიანტით თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის უფლებას მისცემენ, კერძო ტელევიზიების ნაწილს დახურვის საფრთხე დაემუქრება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებისგან მეტი არგუმენტი მოითხოვა. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობისთვის თვითმიზანი ვეტოს დაძლევა არ არის.