30 დეკემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ბექა რუსიას საქმე და სკანდალური ვიდეომასალა - საქმის დეტალებით სახალხო დამცველი დაინტერესდა 

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, მუჟავას საგუშაგოზე, მოკლული ბექა რუსიას საქმის ახალი დეტალებით უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველი. ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის იმ ვიდეოებს, სადაც კარგად ჩანს, როგორ ძალადობს ერთ-ერთი მეთაური ჯარისკაცზე.

დაერთვება თუ არა რუსიას ტელეფონში არსებული ვიდეოები და ფოტოები მისი მკვლელობის საქმეს, ამ კითხვაზე მთავარ საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე პასუხი არა აქვს. არც ისაა ცნობილი, დაიწყებს თუ არა პროკურატურა ახალ გამოძიებას მეთაურების მხრიდან წამებისა და არაადამინური მოპყრობის ფაქტებზე.

პროკურატურა რუსიას საქმეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებს. დაკავებულია ერთი რიგითი ჯარისკაცი, რომელმაც ტაბელური იარაღიდან შემთხვევით რუსიას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ვიდეო მოკლული ჯარისკაცის, ბექა რუსიას, პირად ტელეფონში რამდენიმე თვე ინახებოდა. ექსკლუზიურად შაბათის კურიერში გასაჯაროვებულ ვიდეოში კარგად ჩანს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუჟავას საგუშაგოზე როგორ აწამებს ერთ-ერთი მეთაური ჯარისკაცს.

მოკლულის ტელეფონში ინახება სურათებიც, სადაც ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები მეთაურის ტაბელური იარაღით პოზირებენ, რის უფლებაც კანონით არა აქვთ. ოჯახი ფიქრობს, რომ ბექა რუსიას მკვლელობასთან ეს ფაქტები პირდაპირ კავშირშია.

ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა იმ მაღალჩინოსნებს ეკისრებათ, ვისი კომპეტენციაც შეიარაღებულ ძალებში წესრიგის დამყარებაა.

მობილური, სადაც სკანდალური ვიდეო და ფოტო მასალა ინახებოდა, ბექა რუსიამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბებიას გაატანა და მისი საიმედოდ შენახვა სთხოვა. ჯარისკაცის მკვლელობიდან 3 თვე გავიდა.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები