30 დეკემბერი 2024,   22:02
ვრცლად
რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ - მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კვლავ ვერ შეთანხმდა 

არაერთი მცდელობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა რეზოლუციის საერთო პროექტზე ისევ ვერ თანხმდებიან, რომელმაც რუსეთის ქმედებები უნდა დაგმოს და რომელიც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხება.

კიდევ ერთი უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ, დეპუტატები რეზოლუციაზე კონსენსუსის მიღწევას ხვალ დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე შეეცდებიან.

შეუთანხმებლობაა პრინციპულ საკითხებზე, მათ შორის რა ფორმით უნდა იყოს ასახული რეზოლუციაში უმცირესობის მოთხოვნა სანქციებისა და -ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ.

„თუ ხელისუფლება გადაწყდეს, რომ ასეთი სანქციების სია შეიმუშაოს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, მაშინ შეთანხმებას წინ არაფერი დაუდგება, მაგრამ არის ძალიან ბევრი დეტალი ამასთან დაკავშირებული და ჯამში არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ,“-ამბობს სერგი კაპანაძე.

რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ თანხმობას არ ელოდებიან „ნაციონალურ მოძრაობაში".

„უმრავლესობის რაღაც ნაწილს ძალიან გულუბრყვილოდ ეგონა, რომ შეიძლებოდა მკაცრი რეზოლუციის მიღება. შემდეგ დაუქნიეს თითი მთავრობიდან და კვირიკაშვილმა გააკეთა საკუთარი რეზოლუცია, რომელიც ფაქტობრივად არის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ უმცირესობას სიის ისეთი ფორმულირება შესთავაზეს, რომელიც სამართლებრივად და პოლიტიკურად სწორია.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია ერთიანი, ძლიერი რეზოლუციის ტექსტი, რომლითაც მთლიანად პარლამენტი წარდგება მსოფლიო საზოგადოების წინაშე, ამ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ტატუნაშვილის მკვლელობას უკავშირდება  და მისი ცხედრის არ გადმოსვენებას ოჯახში. შეთავაზებული იქნა უმრავლესობიდან სწორი სამართლებრივ ფორმატში მოქცეული წინადადება, რაზეც ჩვენ ორ დღეში ველოდებით პასუხს,“-განაცხადა დავით მათიკაშილმა.

დღის ამბები