30 დეკემბერი 2024,   21:34
ვრცლად
საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არის

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში ერთიანი პოზიცია ამ დრომდე არ არის ჩამოყალიბებული. მმართველი გუნდის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი აუცილებლად უნდა ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“, ხოლო მეორე ნაწილი აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ ისინი მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განაცხადებით, არსებული კონსტიტუციიდან გამომდინარე დამოუკიდებელი კანდიდატი საუკეთესო ვარიანტი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება გამაერთიანებელი.

„არგუმენტები დამოუკიდებელ კანდიდატთან დაკავშირებით არის ის, რომ საპრეზიდენტო მანდატი თვითონ ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე არის არაპარტიული ტიპის პრეზიდენტი, რომელიც არის მთელი ქვეყნის გამაერთიანებელი და რომელიც არის მთავარი წარმომადგენელი და სახე მთელი ქვეყნის და არ ასოცირდება რომელიმე ერთ პარტიასთან,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს სხვა კანდიდატებთან შედარებით გამარჯვების მაღალი შესაძლებლობა აქვს.

„ყველა კანდიდატს საკმაოდ გაუჭირდება მასთან ბრძოლა, ვინაიდან ძალიან ბევრი აქვს პოზიტივი, თუნდაც, მისი ფრანგული ბეგრაუნდი, როდესაც ძალიან მაღალ და პრინციპულად მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა, თუნდაც გაეროს მიერ მისი დესპანად მივლინება ირანში ბირთვული განიარაღების საკითხებზე და მრავალმხრივი მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის თემაზე. ეს ის პოზიტივების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ თუკი „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა თავისი კანდიდატურის დაყენება, ნაკლები რესურსი ექნება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო თარიღთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურს და პრეზიდენტს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

დღის ამბები