30 დეკემბერი 2024,   21:54
ვრცლად
რეკეტი სახელმწიფოს სახელით - ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით "რუსთავი 2"-მა სკანდალური ჩანაწერები მოიპოვა

რეკეტი სახელმწიფოს სახელით - ფარული ჩანაწერების კიდევ ერთი და ყველაზე რეზონანსული ნაწილი „რუსთავი 2“-მა მოიპოვა.

ტელეკომპანია „იბერიაზე“ ზეწოლის საქმეში კვალი ბიძინა ივანიშვილამდე მიდის. აუდიომასლასთან ერთად „კურიერს” სანდო წყარომ ფოტოც მიაწოდა, რომელზეც ოლიგარქთან დაახლოვებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილების სქემას ალაგებს.

აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ თამბაქოს ეროვნული წარმოებიდან ნახევარი “ქართული ოცნებას” უნდა მისცენ. პარტიას ჩანაწერში ფონდად მოიხსენიებენ. სქემის სათავეში ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილის სახელით თამბაქოს ბაზრის წილებს მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ანაწილებს.

საქმეში ჩართულები არიან ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ამ ჩანაწერით დგინდება, რომ ბიზნესს სწორედ ქუმსიშვილი უწესებდა კვოტებს, ვის რამდენი სიგარეტის გაყიდვა შეეძლო.

ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ ოთარ ფარცხალაძეს და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაძაბულია, რამაც არაფორმალური გარიგების ბოლომდე დასრულება გააჭიანურა.

ჩანაწერში დიმიტრი ქუმსიშვილს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გამომძალველად მოიხსენიებს.

შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, “თბილისის თამბაქოს” აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესწრებიან.

ეს არის მეოთხე და ყველაზე სკანდალური ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია იბერიის საქმეზე კურიერმა მოიპოვა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები