ხვალ ზუსტად ერთი წელი გავა, რაც ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. რა გააკეთა და რითი დაამახსოვრა თავი საკუთარ ამომრჩველს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში - დღეს პოლიტიკოსები "კურიერთან" საუბრისას ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებს და მის ცნობილ განცხადებებს იხსენებენ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადებები საზოგადოებას ხან აბრაზებს, ხანაც - აცინებს.
"ამ ქალბატონს არც ერთი თავისი სატელევიზიო კომენტარი არ ჩაუგდია ისე, რომ რამე მორიგი არაადეკვატური არ ეთქვა, რაც საზოგადოებას ან აბრაზებს, ან აცინებს. დავესესხები ქალბატონ ზურაბიშვილს და მისი აღსაყდრების პირველი დღიდან მთელი მისი საქმიანობა მიმართულია ან საზოგადოების გაბრაზებაზე, ან საზოგადოების გაცინებაზე. მეტი მისი განცხადებებიდან არაფერი არ გვახსოვს," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამრნტმა უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ პრეზიდენტს მსგავსი განცხადებების თქმა შეეზღუდოს.
"პარლამენტს მოვუწოდებ, განიხილოს კანონი პრეზიდენტის განცხადების და საჯარო გამოსვლების აკრძალვის შესახებ. რადგან თუ ამნისტიის უფლება უნდა შევუზღუდოთ, ბარემ საჯარო განცხადებებიც შევუზღუდოთ. მგონი ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება," - განაცხადა ვაშაძემ.
"ლელოს" დამფუძნებელი მამაუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მთავარსარდალი უსამართლოა ქართული არმიის მიმართ და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები სრულიად მიუღებელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან დაუფიქრებელი განცხადებები ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.
"სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან უნდა გათხარო - მგონი ეს იყო გამოთქმა, რომელიც ანდაზად დამკვიდრდა. განცხადებები, რომელიც ეხება ქართულ ჯარს, რასაკვირველია, მიუღებელია. მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადებები ძალიან დიდი ზიანის მომტანია," - აღნიშნა დოლიძემ.