18 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას, არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობასთან - ქეთევან ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს - ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ უკანონო ტყვეობის გაჭიანურებით მარიონეტული რეჟიმი საკუთარ სახეს მთელი სისრულით აჩვენებს.

ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ დაუშვებლია ამ საკითხის პოლიტიზირება და ამით მანიპულირება, მათ შორის, თავად ოჯახის ნების საპირისპიროდ.

"ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა მათი და ყველა ჩვენგანის თანაზიარია იმ მოთხოვნასა და უპრეცედენტო ძალისხმევაში, რაც მის გათავისუფილებას უკავშირდება.

საოკუპაციო რეჟიმი მისი უკანონო ტყვეობით და გათავისუფლების გაჭიანურებით საკუთარ სახეს მთელი სისრულით აჩვენებს! ამით კი მის და ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდის, ისევე, როგორც ყველა იმ უკანონო ზომით, რითაც ასობით ადამიანს ყოველდღიურ პრობლემას უქმნის, როგორც დღეს ფაქტობრივად დატყვევებულ მთელს ახალგორის რაიონს.

არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას. არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობასთან. დღეს ვალდებული ვართ,  მისი გათავისუფილების ინტერესით ვიხელმძღვანელოთ. ახლა ეს არის უპირატესი ამოცანა.

დაუშვებლია ამ საკითხის პოლიტიზირება და ამით მანიპულირება, მათ შორის, თავად ოჯახის ნებისა და საერთოდ, საღი აზრისა და ელემენტარული ადამიანური პრინციპების საპირისპიროდ. ამ პრინციპსა და ოჯახის ამ სამართლიან სურვილს პატივი უნდა ვცეთ, რა თქმა უნდა.

მისი გათავისუფლებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ვიდრე ის ოჯახს არ დაუბრუნდება," - წერს ციხელაშვილი.

 

 

დღის ამბები