"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო პოლიტიკურად პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აგოს და გადადგეს:
"ქვეყანაში არსებობს დანაშაულებრივი სისტემა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა, მაკონტროლებელი სისტემა გამოყენებულია ძალაუფლების შენარჩუნებისათვის და ამ სისტემაში მომხდარი დანაშაული იფარება სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. როდესაც არის სისტემური დანაშაული, მაშინ უნდა აგოს პოლიტიკურად პასუხი სისტემის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ დამნაშავეებს, ისინი სისხლის სამართლებრივი წესით უნდა იქნან დასჯილი," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი