თბილისის საკრებულოს კომისიებმა დედაქალასი მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყეს. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ დღეს 4 სხდომა გაიმართება.
"რეკომენდაცია იყო, რომ გაზრდილიყო გამგეობების ბიუჯეტები და ორიენტირება მომხდარიყო გარეუბნებზე, რაც დაკმაყოფილდა. რეალურად გლდანში და სამგორში გაცილებით უფრო მეტია ბიუჯეტი, ვიდრე ცენტრალურ უბნებში, რაც მეტ საშუალებას იძლევა, ადგილზე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.
2020 წლის ბიუჯეტი არის უპრეცედენტო თბილისის ისტორიაში და პირველადი შემონატანი, მილიარდ ოცი მილიონით განისაზღვრება," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.
საკრებულომ ბიუჯეტი ხვალ უნდა დაამტკიცოს. ბიუჯეტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია.
"თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი არა ხალხზე, არამედ ვფიქრობთ, რომ მერიის კეთილდღეობაზეა მორგებული. ბიუჯეტის პროექტს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და არც მის განხილვაში ვმონაწილეობთ. გაზრდილი თანხები არ არის მიმართული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული პენსიონერების წუხილი," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო - თბილისის" წევრი ელენე ოზაშვილი.