კორონავირუსის ფონზე შექმნილ ვითარებას ხობისა და ფოთის ეპარქიაში დახურულ ფორმატში განიხილავენ. მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ეპარქიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფებიან სპეციალისტები, რომლისგანაც ეპარქიის წარმომადგენლები იმ რეკომენდაციებს მიიღებენ, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
საეპარქიო კრებას მეუფე გრიგოლი ხელმძღვანელობს, რომლის თქმით, სწორედ ამ ფორმით განიხილავენ ეპარქიაში, თუ როგორ უნდა მოხდეს ბრძოლა COVID 19-ის წინააღმდეგ. შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზიარების შემდგომი წესი ეკლესიებში იცვლება. სასულიერო პირების ნაწილისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა.
"იმისთვის ვართ შეკრებილი, რომ პრობლემას უფრო ღრმად ჩავხედოთ, თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და ის ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც დაგვეხმარება ამ სირთულეებთან გამკლავებაში," – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილმა).
მამა თეიმურაზ გოგიაშვილის განცხადებით, თუ გადავხედავთ ისტორიას, ეპიდემიები ადრეც ყოფილა, თუმცა ამას საეკლესიო წირვებისთვის ხელი არ შეუშლია და არც ერთდჯერად კოვზებზე ყოფილა საუბარი.
"გუშინ წირვაზე ერთჯერადი ჭიქებით მრევლი არ მომიყვანია და არც გამიფრთხილებია, იმიტომ, რომ ეს უცბად, საღამოს ტელევიზიით გავიგე, ახლა როგორც გადაწყვიტავს მეუფე, ისე მოვიქცევით. 2000 წელი, თუ გადავხედავთ ისტორიას, არ იყო ასეთი ეპიდემიები? არც წირვა შეჩერებულა, არც ერთჯერად კოვზებზე არ ყოფილა საუბარი, ეს რაღაც გარკვეული ჯგუფებია ეტყობა, რომლებსაც ეკლესიაში უნდა რაღაც შფოთვა შემოიტანოს," - განაცხადა მამა თეიმურაზ გოგიაშვილმა.
როგორც მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აუცილებელია ამ საკითხებთან დაკავშირებით სინოდის სხდომა დაინიშნოს და მიმდინარე თემებთან დაკავშირებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა იმსჯელონ. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სინოდის სხდომა არ დაინიშნება, აუცილებელია ამ მდგომარეობიდან გამომდინარე სინოდალური კომისია შეიქმნას.
"ყველაზე სწორი არის მოციქულებრივი კრეფსითი გადაწყვეტილება პრობლემებისა. უნდა შეკრებილიყო მინიმუმ, თუნდაც სხვა ეკლესიების მსგავსად თუ მთელი სინოდი არა, სინოდური რაღაცა ჯგუფი. ხელისუფლებასთან არსებული რაღაც საბჭო ან საკოორდინაციო ჯგუფი უნდა იყოს, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს წმინდა სინოდის წევრი. ეკლესია აქტიურად უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ პირველ რიგში უნდა მონაწილეობდეს ეკლესიის ღირსეული წარმომადგენელი ხელისუფლებასთან ერთად და შემდეგ დამოუკიდებლად, ქრისტიანულ სწავლებასთან, ეკლესიური სწავლების გათვალისწინებით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას," - განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.