20 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ - დავას საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს

რატომ არ დართო მთავრობამ პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტების გამართვის ნება - პრემიერ-მინისტრმა დღეს განმარტა, რომ როდესაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომია, საჭიროდ მიიჩნია, უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყანაში ყოფილიყო. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქვეყნის მთავარი კანონის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, აუცილებელია ხელისუფლების ყველა შტომ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების მიხედვით იმოქმედოს.

პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლის საპასუხოდ დღეს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭომ სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. ტექსტის მიხედვით გაირკვა, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით გეგმავს. კონსტიტუციის მიღმა მოქმედებად შეაფასეს მმართველ გუნდში პრეზიდენტის გადაწყვეტილება ევროპულ სახელმწიფოებში ნებართვის გარეშე გამგზავრებულიყო, სადაც ოფიციალურ პირებსაც შეხვდა.

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ახსენებს, რომ კონსტიტუციით საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას ენიჭება, ხოლო საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, სწორედ მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია.

"კურიერის" ინფორმაციით, ეს თემა პირადად იყო განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, რომელიც პრემიერთან უსაფრთხოების კაბინეტის სპეციალურ თათბირს ესწრებოდა. ნათია სულავამ დღეს "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. პრეზიდენტის წარმომადგენელთან კომუნიკაციაზე ისაუბრა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც.

სალომე ზურაბიშვილის მთავრობასთან შეუთანხმებელ საგარეო ვიზიტებში ანტიკონსტიტუციურ ქმედებას ვერ ხედავს ოპოზიცია. მიუხედავად მთავარი კანონის 52-ე მუხლით გაწერილი უფლებებისა, კანონმდებლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია, რადგან მისი შეხვედრები ოფიციალურ სტატუსს არ ატარებდა.

არგუმენტი, რომ პრეზიდენტის ვიზიტს ევროპაში ოფიციალური სახე არ ჰქონია, მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მმართველ გუნდში საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის ბიუროს სხდომაზე გამოსვლას იხსენებენ, სადაც ის პრეზიდენტის ვიზიტების შეჯამებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ინტერვენციის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში იმყოფებოდა. დაირღვა თუ არა კონსტიტუცია ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი მოქმედებით, ამას უკვე საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს.

 
დღის ამბები