საქართველოში პროდუქტების მარაგი არსებობს და იმპორტის პრობლემაც არ არის - განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და განმარტა, რომ ხორბალთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით შეფერხებებს არ ელოდებიან.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ ხვდება პროდუქტი ზოგიერთ მაღაზიაში მომხმარებელს, ოთარ შამუგია ამას ხსნის იმით, რომ შესყიდვების გაზრდამ მიწოდების ჯაჭვში გარკვეული პრობლემები შექმნა.
"ჩვენ ვიხილეთ ყველამ ერთად გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა აბსოლუტურად არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები, მარაგების შექმნის მიზნით.
ჩვეულებრივად, ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არანაირი შეფერხება აქ არ არსებობს. შემოდის როგორც შაქარი, ასევე, სხვა პროდუქტები ქვეყანაში, მითუმეტეს, რომ შაქარი ჩვენ არ შემოგვაქვს არც რუსეთიდან, არც უკრაინიდან, შესაბამისად არანაირი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა. არც სხვა პროდუქტებთან მიმართებაში, არც ხორბალთან მიმართებაში ჩვენ არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს. ჯერჯერობით არსებობს ქვეყანაში შესაბამისი მარაგები როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის," - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.