უკრაინის ომის ფონზე, ევროპაში ენერგორესურსები რეკორდულად გაძვირდა - რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე და გაეზრდებათ თუ არა მოქალაქეებს დენის და გაზის გადასახადი? შესაბამის უწყებებში ამბობენ, რომ სატარიფო კუთხით მკვეთრი ცვლილებები არ იქნება.
როგორც სემეკში განმარტავენ, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო შექმნილი გლობალური ენერგოკრიზისი საქართველოზე სატარიფო კუთხით მძიმე გავლენას ვერ მოახდენს. ეს იმ ფონზე, როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანას საქართველოსთან შედარებით, მარტში მეგავატზე თითქმის სამჯერ მეტი თანხის გადახდა უკვე მოუწია. მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა სამი სეზონის განმავლობაში მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.
საქართველოს ჰიდრორესურსებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის ტარიფის მკვეთრ მატებას არც ეკონომისტები ელოდებიან. ანალიტიკოსების აზრით, ნავთობპროდუქტისაგან განსხვავებით, რომლის ფასს საერთაშორისო ბაზარი და ვალუტის კურსი განსაზღვრავს, ენერგეტიკაში ვითარება სტაბილურია. მათი თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი დივერსიფიცირებულია და საჭიროების შემთხვევაში უპირატესობა იმ მომწოდებელს ენიჭება, ვისაც ყველაზე დაბალი ფასი აქვს.
ნეგატიურ სატარიფო ცვლილებებს არც ბუნებრივი აირის შემთხვევაში პროგნოზირებენ. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ამის გარანტად გრძელვადიან კონტრაქტებს ასახელებს, რომელიც სოციალური ტარიფის სტაბილურობას განაპირობებს. გიორგი ტატიშვილის თქმით, გაზის იმპორტის 90 პროცენტი აზერბაიჯანზე მოდის, რასაც შაჰდენიზის მილსადენის გამო მიღებული მილიარდი კუბური მეტრიც ემატება. ტატიშვილის განმარტებით, სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში სოციალური გაზის ფასი საბაზროზე გაცილებით ნაკლებია.
ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ბუნებრივი გაზის საშუალო ღირებულება რომ უკვე თითქმის ორჯერ ნაკლებია იმპორტის ბაზრის დივერსიფიცირებას უკავშირებენ ექსპერტები. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საჭირო ბუნებრივი აირის 90 პროცენტი აზერბაიჯანზე მოდის, რუსული გაზის ხვედრითი წილი კი ბაზარზე მხოლოდ 5 პროცენტია. უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესია უკვე თვეზე მეტია გრძელდება. ფართომასშტაბიანმა ომმა ევროპის კონტინენტზე ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია.