რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის დაყადაღებული ქონება ქიბარ ხალვაშის დროს არაა შეძენილი. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს დაყადაღებული ქონება ბოლო 3 წლის დროს არის შეძენილი.
გვარამიას თქმით, ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს კომპანია გამდიდარდა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით. რაც მოიცავს რამდენიმე გადამცემს, რომელიც მაშინ მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის, ახლა კი უსარგებლოა, რადგან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით.
„ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული, და არანაირი საქმე არა აქვს საკუთრების უფლების აღდგენასთან. ცინიკურია და ბედის ირონიაა, რადგან ყადაღადადებული ქონება საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს და ეს არის ბოლო 3 წლის განმავლობაში შეძენილია“, - განცხადა გვარამიამ.
რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე განმარტა ის პრობლემები, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიას შეექმნება.
"ყადაღაზე გაცილებით უფრომ მძიმე, მთავარი და გადამწყვეტია ის, რომ ახალი სარეკლამო რეგულაციების პირობებში გართულებულია ფულის მოძრაობის საკითხი, ძალიან შემცირდა სარეკლამო ბაზარი, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობამ. პირველ რიგში ბანკებთან და კერძო პირებთან თანხების მოძიება სესხის აღების სახით, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში და ზამთარშიც არსებობს ასეთი პერიოდი. ამ განჩინების თანახმად, ჩვენ აკრძალული გვაქვს ნებისმიერი სახის ურთიერთობა ბანკთან და კერძო პირებთან სესხის, თუ კრედიტის აღების თვალსაზრისით. ასევე ვერ გავაქირავებთ შენობებსა და ეკრანებს. ასევე აგვეკრძალა ნებისმიერი რამის ყიდვაც", - განაცხადა გვარამიამ.