20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
"ანგარიშების დაყადაღება ეს იქნებოდა ჩვენი ორგანიზაციის კომერციული სიკვდილი, ანუ ჩვენ პრაქტიკულად დაგვხურავდნენ," - ნიკა გვარამია

რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლოში ტელეკომპანიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი "ხანდაზმულია".

ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ურთმელიძე ე.წ. "ზონდერი" მოსამათლეა, რომელიც მიეკუთვნება თეა წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა. 

გვარამიას თქმით, მოსამართლე ურთმელიძემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და მედიის თავისუფლება დააყენა საკუთრების უფლებაზე წინ. 

„ სხვა საკითხია, რომ ეს საკუთრების უფლებაც არის აბსულუტურად საეჭვო იმიტომ, რომ სარჩელი, რომელზეც მიდის საუბარი არის უპერსპექტივო და ეს უპერსპექტივობა თვალნათლივ შეიძლება დაინახოს პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, ვინაიდან სარჩელი არის ხანდაზმული. მოსარჩელე აპელირებს, მოგეხსენებათ, ძალადობრივ ჩამორთმევაზე და ძალადობრივ ჩამორთმევას აქვს ერთწლიანი ხანდაზმულობა მას შემდეგ, რაც ეს ძალადობის გარემოება ამოიწურება და ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად, რაკიღა ძველი ხელისუფლება იყო მოძალადე მოსარჩელის მტკიცებით, უკვე 3 წელია გასული და სარჩელი არ იქნა შეტანილი და შესაბამისად ხანდაზმულია ეს სარჩელი. და სწორედ ასეთი სარჩელის პირობებში მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც მედიის თავისუფლება უხეშად იქნა შეზღუდული", - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძე არის ე.წ. "ზონდერმოსამართლე, რომელიც მიეკუთვნება თეა წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა და რომელიც დაუფარავად მუშაობდა მთავრობაში და აწყობდა სასამართლო ხელისუფლებაში გადატრიალებას, მთავრობის სასარგებლოდ, საბოლოო ჯამში მან ეს ვერ შეძლო".

გვარამიას ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ ეს გადაწყევტილება არ იყო დაწერილი და მიუხედავად ამისამ აღმასრულებელი ფურცლები არარსებული გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა გამოწერილი.

"მთავრობა და ხელისუფლება ელოდებოდა საზოგადოების რეაქციას, მას შემდეგ, რაც ნახა, რომ საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მწვავე, ამ გადაწყვეტილებიდან ამოვიდა ერთი უმთავრესი პუნქტი - უარი ეთქვა მოსარჩელეს ჩვენი ანგარიშების დაყადაღებაზე. ანგარიშების დაყადაღება ეს იქნებოდა ჩვენი ორგანიზაციის კომერციული სიკვდილი, ანუ ჩვენ პრაქტიკულად დაგვხურავდნენ. რომ არა საზოგადოებრივი რეაქცია, ამ გადაწყვეტილებაში იქნებოდა ეს ჩანაწერიც", - განაცხადა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი შემთხვევით არ მოხვედრილა მოსამართლე ურთმელიძესთან. რადგან სარჩელში ხელოვნურად არის შეტანილი ინტელექტუალური და მომიჯნავე საკუთრების თაობაზე დავა.

"მოსამართლე ურთემლიძე და კიდევ ერთი მოსამართლე არიან საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილები, რომ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დავები განიხილონ. აბსულუტურად შეგნებულად იქნა ჩამატებული სარჩელში ეს პუნქტი, რომ ზონდერ მოსამართლე ურთმელიძეს დასწეროდა ეს სარჩელი," - დასძინა გვარამიამ. 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები