20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
არის თუ არა კავშირი ქიბარ ხალვაშის სამართლებრივ დავასა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას შორის?

რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელს ფიქრია ჩიხრაძეს გარდაცვალებამდე უთხრა, რომ ტელეკომპანიისთვის ბრძოლის საქმეში „თუ მას არ გაასაღებენ, ისე ვერ გადაახტებიან“. ეს სიტყვები დღეს ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას გაიხსენა. ჩიხრაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე მის გარეშე სამართლებრივი ქმედებები ვერ დაიწყებოდა.

ამ თემაზე ეროსი კიწმარიშვილმა საინფორმაციო სააგენტო ჯი-ეიჩ-ენის დამფუძნებელთან გოჩა მირცხულავასთანაც ისაუბრა. მირცხულავა ამბობს, რომ რუსთავი 2-ის წილების თაობაზე ბიძინა ივანიშვილს დეტალური ინფორმაცია ჰქონდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავასა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას შორის პირდაპირ კავშირს ხედავს ელისო კილაძე. ქრონიკა პლუსის რედაქტორი დარწმუნებულია, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი დირექტორი მოკლეს და ახლა დაწყებული სამართლებრივი დავა მკვლელის გამოვლენას ხელს შეუწყობს.

ქიბარ ხალვაშის სარჩელთან ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას აკავშირებს თამარ ჩერგოლეიშვილიც. ტაბულას დირექტორი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო წილების გადანაწილების პროცესში და მის ხელში არსებული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისშემშლელი იყო.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

 
დღის ამბები