რუსთავი2 საქმის მასალების გადმოცემას ითხოვს. კომპანიის იურისტმა მოსამართლის სახელზე განცხადება დღეს დილით შეიტანა. ყადაღის გასაჩივრებისთვის კომპანია იმ გარემოებების გარკვევას ითხოვს, რის საფუძველზეც მოხდა განჩინების გამოტანა.
რუსთავი 2-ის იურისტის თამთა მურადაშვილის განმარტებით, განჩინებაში კარგად არ ჩანს რა იყო მხარის სასარჩელო მოთხოვნა, რას ეფუძნებოდა მისი ვარაუდი, რომ აუცილებელი გახდა ქონების დაყადაღება ამგვარი წესით.
„ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო გამყარებული სერიოზული მტკიცებულებებით, საფუძვლებით, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მითითებით, რომელმაც მოსამართლეს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნამდვილად უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება და დაეყადაღებინა რუსთავი 2-ის მთლიანი ქონება ასეთი მკაცრი განაჩენით. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს ეს მასალები, რამ შეუქმნა საფუძვლიანი ვარაუდი მოსამართლეს, რომ მიიღო ასეთი მკაცრი და სასტიკი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
სავარაუდოდ დღეს უნდა გადაწყვიტოს საქალაქო სასამართლომ მიიღებს თუ არა წარმოებაში ქიბარ ხალვაშის სარჩელს რუსთავი 2-თან დაკავშირებით.
ხალვაში ტელეკომპანიაში წილის დაბრუნებას ითხოვს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მან რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც მოსამართლემ უკვე დააკმაყოფილა.