20 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ტელეკომპანია მაესტრო მოუწოდებს ხელისუფლებას არ ჩაერიოს რუსთავი 2-ის სასამართლო დავაში

ტელეკომპანია მაესტრო რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია მაესტროსა და რუსთავი 2-ის მკვეთრად განსხვავებული  სარედაქციო პოლიტიკის, პრინციპებისა და ამოცანების მიუხედავად დაუშვებელია სახელმწიფოს ჩარევა კერძო მედიასაშუალების საქმიანობაში. მაესტრო მოუწოდებს ხელისუფლებას არ ჩაერიოს კერძო პირებს შორის არსებულ სამოქალაქო დავაში. განცხადება ტელეკომპანიამ არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა.

"იმის მიუხედავად, რომ ტელეკომპანია მაესტროსა და რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა, პრინციპები და ამოცანები მკვეთრად განსხვავებულია, ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია სახელმწიფოს ჩარევა კერძო მედიასაშუალების საქმიანობაში. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს მონაწილეობა კერძო პირებს შორის არსებულ სამოქალაქო დავაში და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო პროცესი წარიმართება ობიექტურად და მიუკერძოებლად.

ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან ტელეკომპანია მაესტროს მიმართ წინა ხელისუფლება წლების მანძილზე მიზანმიმართულად ახორციელებდა ზეწოლას და ხელს უშლიდა მაესტროს საქმიანობას როგორც მუქარების, შანტაჟის და შეიარაღებული თავდასხმის ფორმით, ასევე "სამართლებრივი" ბერკეტების ამოქმედებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია მაესტრო განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე", - ნათქვამია მაესტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
დღის ამბები