რას წარმოადგენს კომპანია "გლობალ ფოინთი", რომელიც საერთაშორისო ბაზარზე იმითაა ცნობილი, რომ მისი მმართველი პარტნიორი, წლების განმავლობაში თეთრ სახლთან თანამშრომლობდა.
43-ე და 45-ე პრეზიდენტები, საპრეზიდენტო კამპანიების დროს, კრისტოფერ ჰარვინის კლიენტები იყვნენ. "გლობალ ფოინთზე" სააკაშვილის ოჯახი, სავარაუდოდ, სწორედ ამერიკელი მეგობრების დახმარებით გავიდა. ხელშეკრულება, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, სააკაშვილის ოჯახსა და ლობისტურ კომპანიას შორის 18 ნოემბერსაა გაფორმებული.
საგარეო პოლიტიკური, ან კვაზიპოლიტიკური აქტივობა - "გლობალ ფოინთი" შეერთებულ შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში, 2022 წლიდან ჩნდება, თუმცა თავად ქისტოფერ ჰარვინი წარსულში სხვა არაერთი კომპანიის თანადამფუძნებელი და პარტნიორია.
"მბრუნავი კარის ლობისტები" - ასეც ეძახიან ამერიკაში ადამიანებს, ვინც ლობიზმით არის დაკავებული და ამავდროულად, თან ამერიკულ ინსტებლიშმენტთან არიან დაახლოებულები.
თავად კრისტოფერ ჰარვინიც რესპუბლიკელი კონგრესმენის, დუგ ლამბორნის ოფისში მუშაობდა, სადაც თანაშემწე იყო.
რა წერია კონტრაქტში, რა უნდა გააკეთოს ლობისტურმა კომპანიამ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად? - "კურიერი" დეტალურად გაეცნო კონტრაქტს და დოკუმენტის მიხედვით გაირკვა, რომ კომპანიის მიზანია, შეძლოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან და მისი ქვეყნიდან ჰუმანიტარული მისიით გაყვანასთან დაკავშირებით და იმისათვის, რომ მან ამ მიზანს მიაღწიოს, უნდა შეასრულოს შემდეგი აქტივობები: კომპანიის ექსპერტების ჯგუფმა უნდა შეადგინოს საჭირო მესიჯბოქსი და გაავრცელოს ის სხვადასხვა საშუალებით - მოაწყოს ბრიფინგები, შეათანხმოს ინტერვუები ამერიკასა და სხვა საერთაშორისო გავლენიან მედიასაშუალებებთან, დაგეგმოს შეხვედრები არასამთვრობო ორგანიზაციებთან, ასევე, აზრის ლიდერებთან და გავლენიან ადამიანებთან, დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილის იურიდიულ გუნდს მიმდინარე სასამართლო პროცესებზე.
ავტორი: ნათია ჩეხერია.