პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრის ანა წითლიძის განცხადებით, გამოყენებული იქნება ყველა სტრატეგია და მეთოდი იმისათვის, რომ პარტიამ მიაღწიოს საბოლოო მიზანს და გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი.
ამასთან, წითლიძე იმასაც ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წლებია გამოირჩევა თავდადებული ბძროლით.
"ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა 10 წლის განმავლობაში გამოირჩეოდა შეუვალობით და თავდადებული ბრძოლით. შესაბამისად, თუ ამას ეძახიან აგრესიას, მაშინ ვიტყვი, რომ ეს არ არის აგრესია, ეს არის შეუპოვარი და თავდადებული ბრძოლა. ბუნებრივია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუ სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა პრეზიდენტი სააკაშვილი და გაწირა სასიკვდილოდ, მაშინ პარტიას მოუწევს სტრატეგიის შეცვლა და პარტიას მოუწევს კიდევ უფრო მეტად აქტიურობა. ბრძოლის ყველა ფორმა, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი საბოლოო მიზნის მისაღწევად იქნება გამოყენებული და ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებს პარტია," - აცხადებს ანა წითლიძე.
ცნობისთვის: ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა წამოსცდა - მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდი ოპოზიციის ლიდერის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარტიის აქტივობებზე საუბრობდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტების მიზანი ქვეყანაში სიტუაციის არევა იყო და ახლაც, გარდა რადიკლაიზმისა, შესათავაზებელი ამომრჩევლისთვის არაფერი აქვთ.