გერმანია საქართველოს ევროინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებს. მთავარი გზავნილი, თბილისმა ბერლინისგან მიიღო. სამუშაო ვიზიტი გერმანიის დედაქალაქში დასრულებულია.
გერმანელი კანონმდებლები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ და ევროპის გაფართოების საკითხზე დისკუსიაც აქტიურად მიმდინარეობს.
გერმანელ დეპუტატებს მოლოდინი აქვთ, რომ ქვეყანა 12 რეკომენდაციას ეფექტურად შეასრულებს.
სამუშაო ვიზიტი შეაფასა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით საქართველომ მკაფიო გზავნილები მიიღო. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიის სრული მხარდაჭერა აქვს.
"მნიშვნელოვან მომენტში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა როგორც გერმანიის პარლამენტის წარმომადგენლებთან ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები. პირველი ის, რომ პროცესი რომელიც უკავშირდება ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას, ეს არის პროცესი, რომელსაც გერმანია უყურებს როგორც შედეგზე ორიენტირებულ პროცესს და არა პროცესს პროცესისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობა, შემდეგ მოლაპარაკებები ამ ყველაფრის ბოლოს იქნება აუცილებლად ევროკავშირის წევრობა. მეორე, გერმანია ხედავს ევროკავშირს, როგორც სივრცეს, ლისაბონიდან თბილისამდე, ეს ხედვა არის პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილიც. მიზანიც გაფართოების უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან. და მესამე, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება, უმჯობესი იქნებოდა, რომ საქართველოს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი მინიჭებული, თუმცა აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ეტაპზე იქნას სწორედ ეს გადაწყვეტილება მიღებული. საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საქართველო არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი სწრაფვა ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანი არის როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონალური მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას და ამიტომ, საქართველოს როლი რეგიონში და განსაკუთრებით სამხრეთ-კავკასიის რეგიონში სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით არის მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.