მიხეილ სააკაშვილის ოჯახის სურვილის მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილმა მხარდამჭერები ისევ ქუჩაში დაპატიჟა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქართული ოცნების" ოფისთან შეიკრიბნენ და აქციას მართავენ.
პარტიაში განმარტავენ, რომ დღევანდელი აქციის მონაწილეებს პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ. მოთხოვნა კი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.
ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები ორბელიანის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით წავიდნენ "ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით, ხოლო ნიკა მელიას მხარდამჭერები კი პირდაპირ ოფისთან შეიკრიბნენ.
ორივე მხარის პოზიცია ერთია, რომ ისინი დღეს აქციის მიმდინარეობისას პოლიტიკურ გზავნილებს არ გააკეთებენ, ერთადერთი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაა.
"დღეს, არანაირი პოლიტიკური გზავნილი არ იქნება, არანაირი პოლიტიკური მოთხოვნა არ იქნება, დღეს არის სოლიდარობის აქცია. ჩვენი მთავარი მოთხოვნა და გზავნილი არის, რომ პოლიტიკისგან დაცლილი იყოს სააკაშვილის სასამართლო, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს და პრეზიდენტი არ მოვკლათ ციხეში," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი.